იმპრესიონიზმი
იმპრესიონიზმი მხატვრული მიმდინარეობაა, რომელიც XIX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ ფერწე-
რაში, შემდგომ კი გამოვლინდა ხელოვნების სხვა სახეებშიც. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი შაბეჭდილებების, სულიერი განწყობილების გადმოცემა.
1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამე-
დროვე ხელოვნების გამოყოფი ზღვარი.იმპრესიონიზმი 1879 წელს აღმოცენდა, როდესაც ნადარის ფსევდონიმით ცნობილი მხატვარ-ფოტოგრაფის სალონში გამოფენილი ექსპონატებიდან დამთვალიერებელთა თვალთახედვის ობიექტად იქცა კლოდ მონეს პატარა ზომის ნამუშევარი სახელწოდებით "მზის ამოსვლა. შთაბეჭდილება"
(Impression, soleil levant). სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა, ლერუამ, თავის სტატიაში მონე და მისი თანამოაზრენი "შთაბეჭდილების მხატვრებად" მონათლა. ესენი იყვნენ: ედუარდ მანე, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა. სრულიად ახალი თემების გახსნისა და სინამდვილის მხატვრული გააზრების ახალი პრინციპების საფუძველზე, მათ დაინახეს ასახული ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც მანამდე საერთოდ შეუმჩნეველი იყო ხელოვნებისათვის. იმპრესიონისტებმა ახალი სილამაზე და პოეზია აღმოაჩინეს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ ერთიანობაში. მათ სურათებში გვხიბლავს არა მხოლოდ მზის სინათლით აციმციმებული მრავალფეროვნება, მოძრავი ბუნების ცვალებადობის ეფექტები, არამედ მათდამი ადამიანური დამოკიდებულება, მართლად და დამაჯერებლად ასახული ცხოვრებისეული მოტივები, ხალხმრავალი ქუჩები, მოედნები, სახალხო დღესასწაულები, ქალაქისა და სოფლის პეიზაჟები... ამასთან ერთად, იმპრესიონისტთა ნაწარმოებებში ასახულია არა მხოლოდ ობიექტური ცხოვრებისეული სინამდვილე, არამედ თვით მისი ამსახველიც - ადამიანი, შემოქმედი, მოაზროვნე, მათი ჟანრული კომპოზიციები, პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, რომლებიც თავისი შინაარსითა და ფორმით ისახავდნენ ყველაზე მთავარ და სასიცოცხლო მიზანს- სილამაზის ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას.
კლოდ მონე "მზის ამოსვლა"
კლოდ მონე(1840-1926 წწ)
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვე- ვაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
მხატვრობის ამ მიმდინარეობამ სახელი მიიღო კლოდ მონეს ნახატისგან "მზის ამოსვლა.შთაბეჭდილება".
ასე, რომ იმპრესიონიზმის განვითარების მთელი გზა მჭიდროდაა დაკავშირებული პეიზაჟისტ კლოდ მონეს შემოქმედებასთან.მონემდე ვერც ერთმა მხატვარმა და ვერც მისმა უახლოესმა თანამოაზრეებმა - რენუარმა, სისლეიმ, პისარომ - ვერ დაინახეს ბუნებაში ფერების ისეთი ჟღერადობა და ვერ შეძლეს სინათლისა და ჰაერის ისე ცოცხლად გადმოცემა, რასაც მონემ მიღწია. იგი ხშირად ხატავდა ერთსა და იმავე ხედს დღე-ღამის სხვადასხვა დროს. ასეთებია მისი სერიები "თივის ზვინები" და "რუანის ტაძარი". სწრაფი, თითქოს დაუდევარი მონასმებით მხატვარი ქმნიდა ნიავზე მოლივლივე მინდვრის, ან პარიზის ხმაურიანი ქუჩების შთაბეჭდილებას.
ედუარდ მანე "ბარი ფოლი-ბერჟესი", 1882
კლოდ მონე "თივის ზვინები", 1890–1891
იმპრესიონიზმმა დიდი განვითარება პოვა საფრანგეთის გარეთაც.ამის მაგალითს წარმოადგენს ბრიტანელი მხატ-
ვრის ფილიპ უილსონ სტეერის შემოქმედება , რომელიც იმპრესიონისტული სტილით ხატავდა ზღვის პეიზაჟებს
და სანაპიროს ამსახველ სცენებზე განათების ეფექტებს იყენებდა.აგრეთვე ტომ რობერტსი,რომელმაც იმპრესიონიზმი
ავსტრალიაში შეიტანა.ის ძირითადად პეიზაჟებს,პორტრეტებს,სოფლის ცხოვრებას და ისტორიულ სცენებს ხატავდა.
გალერეა
წყარო:"ხელოვნება",ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"