ბაროკო
ბაროკო (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) — პერიოდი და სტილი ხელოვნებაში. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.
რუბენსის „აღტაცება“
The Three Graces, 1635
ბაროკო მე-17 მე-18 საუკუნეების ევროპული ხელოვნებისა და არქიტექტურის სტილია. სხვადასხვა დროში ეს ტერმინი სხვადასხვა შინაარსს ატარებდა-“უცნაური”,“ექსცენტრიული”. თავდაპირველად, ბაროკოს შეურაცხმყოფელი ელფერი ჰქონდა, ასოცირდებოდა აბსურდთან. დღეს ის მოიხსენიება, როგორც ერთ-ერთი სტილი, რომელიც ბატონობდა მანერიზმსა და როკოკოს შორის, დაახლოებით 1600 წლისან მე-18 საუკუნის დასაწყისამდე. მანერიზმისგან ბაროკოს ერგო დინამიკურობა და მგრძნობიარობა, რენესანსისგან კი- დეტალურობა და ბრწყინვალება. ამ ორი სტილის დამახასიათებელი ნიშნები ჰარმონიულად გაერთიანდნენ ერთ მიმართულებაში.
ბაროკოს დამახასიათებელი ნიშნები- სითამამე და დინამიკურობა ერწყმოდა რომის კათოლიკური ეკლესიის ძალას. იტალიის საზღვრებს გარეთ ბაროკომ ყველაზე ღრმა ფესვები სწორედ კათოლიკურ ქვეყნებში გაიდგა, აი მაგალითად ბრიტანეთში კი მისი გავლენა საერთოდ უმნიშვნელო იყო. ამ მიმდინარეობის ყველაზე დიდი წარმომადგენლები არიან კარავაჯო და ანიბალე კარაჩი, რომლებმაც შექმნეს მე-16სა და მე-17 საუკუნეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები.
მე-16 საუკუნის ბოლოს იტალიური მხატვრობისთვის დამახასიათებელი იყო არაბუნებრივობა და სტილური გაურკვევლობა. კარავაჯომ და კარაჩიმ თავისი შემოქმედებით დაუბრუნეს იტალიურ მხატვრობას ერთიანობა და გამომსახველობა. იტალიურ არქიტექტურაში ბაროკოს ყველაზე ნათელი წარმომადგენელი იყო კარლო მადერნა (1556-1629), რომელმაც შექმნა საკუთარი სტილი, მანერიზმისგან განცალკევებით. მისი მთავარი ნამუშევარია რომაული ეკლესიის სანტა-სუსანას ფასადი (1603 წ). ბაროკოს სტილის ქანდაკებების თვალსაჩინო შემქმნელი იყო ლეონარდო ბერნინი, რომელიც ამ სტილით დაახლოებით 1620 წლიდან მოღვაწეობდა. მხატვრობის, არქიტექტურისა და ქანდაკების არაჩვეულებრივი შერწყმაა კორანაროს კაპელა სანტა-მარია დელა ვიქტორიას ეკლესიაში (1645-1652).
ბერნინის იტალიელი თანამედროვეებისგან ბაროკოს ეპოქაში გამოირჩევიან არქიტექტორი და მხატვარი ბორომინი და არქიტექტორი პეტრო და კორტონა. ცოტა მოგვიანებით იყო ანდრეა დელ პოცო (1642-1709). მათ მიერ მოხატული კედელი სანტ-ინიაციოს ეკლესიაში ითვლება ბაროკოს ტენდენციების კულმინაციად. მე-17 საუკუნეში რომი იყო მსოფლიო ხელოვნების დედაქალაქი, ის იზიდავდა მხატვრებს ევროპის უამრავი ქალაქიდან, ბაროკოც მალევე გასცდა ამ ქალაქის ფარგლებს. ყველა ქვეყანაში ის ივსებოდა იქაური ტრადიციებით. ზოგან ის მეტად ექსტრავაგანტული იყო, მაგალითად, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. კათოლიკურ ფლანდრიაში ბაროკოს ხელოვნებამ ხორცი შეისხა რუბენსის შემოქმეებაში. პროტესტანტულ ჰოლანდიაში კი უმნიშვნელოდ იქონია გავლენა. რემბრანტის მკვეთრად ცოცხალი და დინამიკური ნამუშევრებიც აშკარად გაჯერებულია ბაროკოს ხელოვნებით. საფრანგეთში ყველაზე მეტად ბაროკო ემსახურა მონარქიას, და არა ეკლესიას. ლუდოვიკო XIV აღიქვამდა ხელოვნებას, როგორც სამეფო ძალაუფლების გამავრცელებელ საშუალებას. მისი მრჩეველი ამ მხრივ იყო შარლ ლებრენი, რომელიც ხელმძღვანელობდა ვერსალში ლუდოვიკოს სასახლეში მომუშავე მხატვრებისა და დეკორატორების მუშაობას. ვერსალი ითვლება მდიდრული არქიტექტურის, ქანდაკების, მხატვრობის, დეკორატიული და ლანდშაფტური ხელოვნების შერწყმის გრანდიუზულ ნიმუშად.
გალერია
წყარო: "ხელოვნება",მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"