ლეონარდო და ვინჩი - უნივერსალური გენიოსი
ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა, იტალიაში. მომავალი გენიოსის მამა, სერ პიერო, ფლორენციელი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი იყო. ხოლო დედა, კატარინა, გლეხის ქალი გახლდათ, რომელზეც თითქმის არაფერია ცნობილი. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ბავშვობიდანვე ხატავდა ყველაფერს, რასაც კი ხედავდა.
1466 წელს, 14 წლის ლეონარდო ტოსკანის პატარა სოფელ ვინჩიდან ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში მხატვარ ანდრეა დელ ვეროკიოსთან მიაბარა. 20 წლისა უკვე პროფესიონალი მხატვარი იყო.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც მილანის ჰერცოგი ლოდოვიკო სფორცა (მეტსახელად "მორო") მართავდა. მან და ვინჩი თავის კარზე მიიწვია არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც... ხუროთმოძღვარი, ინჟინერი და სამხედრო ფორტიფიკაციების ექსპერტი! სხვათა შორის, ლეონარდო ბარბითზეც შესანიშნავად უკრავდა.
როცა სფორცამ აკადემიის დაარსება დაავალა, ლეონარდომ დაწერა "ტრაქტატი მხატვრობის შესახებ" - ყველა დროის მხატვართათვის სამაგიდო წიგნი. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაც "საიდუმლო სერობა" (1496-1498) სწორედ მილანში შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ.
მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარში, საქვეყნოდ ცნობილ შედევრში, "მონა ლიზა" სრულიად დარღვეულია პორტრეტის იმდროინდელი ხატვის წესები, ქალი დახატულია თითქმის მთელი ტანით, მაშინ, როდესაც ადამიანის პორტრეტს მხოლოდ გულმკერდამდე ხატავდნენ.
ლეონარდო ამბიდექსტრი იყო - ერთნაირად ხმარობდა ორივე ხელს, მაგრამ მისი ნაშრომების უმეტესობა მარცხენა ხელითაა დაწერილი - მარჯვნიდან მარცხნივ.
ლეონარდოს 7 ათასამდე ხელნაწერი, ჩანახატი თუ პროექტი დარჩა უამრავ დარგში, ფერწერული ტილო კი სულ 20-მდე. გენიოსი არასდროს ჩქარობდა ტილოს დასრულებას. მისი მუშაობის ნელი ტემპი სალაპარაკოდ ჰქონდათ. დაუმთავრებელი ნახატი მხატვრისათვის "ცოცხალს" ნიშნავდა, დამთავრებული კი სიკვდილს...
ლეონარდო ვეგეტარიანელი ყოფილა: "თუ ადამიანები თავისუფლებას ვესწრაფვით, რატომ ვსვამთ ფრინველებსა და ცხოველებს გალიებში? რატომ ვსპობთ სასტიკად მათ? ჩვენ სხვისი სიკვდილით ვცოცხლობთ". მისი დაუცხრომელი გენია კულინარიასაც კი გადასწვდა: 13 წლის განმავლობაში მილანელ დიდებულთა წვეულებების უცვლელი ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ეშმაკური მოწყობილობაც შექმნა მზარეულთა შრომის გასაადვილებლად: "ლეონარდოსგან" - ასე ერქვა მილანში განთქმულ თხლად დაჭრილ ხორცის კერძს, ხოლო მისი საინჟინრო თუ სხვა პროექტების შესწავლამ კი მეცნიერები დაარწმუნა, რომ უმრავლესობამ თავის დროზე მხოლოდ მასალების არარსებობის გამო ვერ შეისხა ხორცი.

1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანსუა I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. და ვინჩიმ სიცოცხლის უკანასკნელი წლები დ,ამბუაზის ციხე-დარბაზში გაატარა. აქვე გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაისს.
იმდროინდელი მსოფლიოს ფაქტობრივად ერთ-ერთი მბრძანებელი - ფრანსუა I დიდი სწავლა-განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლეონარდოს ფასი კარგად იცოდა და თავისი მიწვევით ჩასულ გენიოსს დაუყოვნებლივ უბოძა "მეფის პირველი მხატვრის, არქიტექტორისა და ინჟინრის" წოდება. ამბობენ, რომ გენიოსმა მეფის ხელებზე დალია სული. ლეონარდოს გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ მასზე დაწერენ: "მეფეს ძალიან უყვარდა ლეონარდო და იმდენად სცემდა პატივს, იშვიათი იყო დღე, სასაუბროდ არ სწვეოდა. ხელმწიფეს არ სჯეროდა, რომ ასეთი ადამიანი ოდესმე კიდევ შეიძლებოდა მოვლენოდა სამყაროს"...
"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო!
ნახატის კომპოზიციიდან ჩანს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.”"მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია.
თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი.
ჯოკონდა - სიკვდილ-სიცოცხლის კონტრასტი
წყარო:
-"ასი ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"-"ლეონარდი და ვინჩი".
-"ბიოგრაფია"-შერონ ფიზჯერალდი.